ლევან დავითაშვილი ზესტაფონში ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზესტაფონში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან, არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, მეტყევეებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ინტენსიურად ხორციელდება სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში, ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
„ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება სატყეო რეფორმა, რომელიც სატყეო მეურნეობის განვითარებას ითვალისწინებს. ხე-ტყის დამზადების ახალი პრაქტიკა საშუალებას მოგვცემს, მომავალში, სოციალური ჭრა ეტაპობრივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და შესაძლებლობას მოგვცემს, ყველა მსურველი ალტერნატიული ენერგიით მოვამარაგოთ. საუბარია ალტერნატიულ ბიომასაზე, მათ შორის ბრიკეტებზე, რომელიც ეკოლოგიურად მისაღები, თანამდროვე საწვავი საშუალებაა. საქმიანი ეზოები საშუალებას მოგვცემს, ის უამრავი ბიოლოგიური ნარჩენი, რომელიც ტყეშია, გამოვიტანოთ და ერთი მხრივ, ტყის სანიტარული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ და მეორე მხრივ, მოსახლეობას შეშის ალტერნატიული პროდუქტი შევთავაზოთ. ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, სააგენტოს მიზანი სოციალური ჭრის სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლებაა. ზესტაფონის ახლადშექმნილი „საქმიანი ეზო“ დაახლოებით 30-მდე სოფელს მოემსახურება და მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მოსახლეობას ხე-ტყის შეძენას.
ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.
„ტყის ახალი კოდექსი, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.
„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში და სოფელ ლისში. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.