ლევან დავითაშვილი - ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის სურსათით და პირველადი პროდუქტებით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის სურსათით და პირველადი პროდუქტებით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული განცხადება მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„როგორც მოგეხსენებათ, საკარანტინო შეზღუდვის პირობებში, სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებაზე ჩვენი სამინისტროა პასუხისმგებელი. ასეთი გამოცდილება დაგვიგროვდა ყველგან, სადაც მკაცრი საკარანტინო ზონები გვქონდა შემოღებული, მათ შორის ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. დღეს იმავე გამოცდილებას ვიყენებთ მესტიაში, თუმცა გარკვეული სპეციფიკა აქვს სვანეთს. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული, მაგრამ გვაქვს დიდი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებულია. ამიტომ საჭიროა მაღალი დონის კოორდინაცია, რისთვისაც სამინისტროს სხვადასხვა სამსახურია მობილიზებული. რეგიონში იმყოფება ჩემი მოადგილე, რომელიც მუშა პროცესს კოორდინაციას უწევს.
ამ მომენტისთვის შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რეგიონში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება. დილის მონაცემებით, ქუთაისიდან დაძრულია რამდენიმე დისტრიბუტორის მსხვილი სატვირთო მანქანა რეგიონში შესასვლელად. ასევე, სტანდარტული დისტრიბუცია, რომელიც რეგიონში სურსათით მომარაგების კუთხით მუშაობდა, სტანდარტულ რეჟიმში მუშაობს. ამ შემთხვევაში, დისტრიბუტორებს გადაადგილების პრობლემა რეგიონში შესვლისას არ აქვთ, თუმცა ჩვენი თანამშრომლები აღრიცხავენ თითოეულ შესულ მანქანას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საკარანტინო შეზღუდვები, სვანეთში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით, გარკვეულ პრობლემებს იწვევს.
„ამ მომენტისთვის სვანეთის რეგიონში მერქნული რესურსის დამზადების ინტენსიური სეზონია. ძირითადი სამუშაოები ზემო სვანეთში მიმდინარეობს. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის, იტვირთება მერქნული რესურსით და გამოდის რეგიონიდან. ასევე, სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა კონტრაქტორი მუშაობს იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, შეფერხების გარეშე წარიმართოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.