ლევან დავითაშვილი - ყველაფერი მზად არის, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ფორუმს, საქართველო, როგორც სტაბილური ქვეყანა, მიმზიდველია ევროპისთვისაც და აზიისთვისაც
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ყველაფერი მზად არის, რომ ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, გამორჩეულია 2023 წლის აბრეშუმის გზის ფორუმი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ინტერესია მონაწილეების მხრიდან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, საქართველოში უმაღლესი დონის დელეგაციები არიან ჩამოსული.
„ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის დელეგაციები პრემიერების, ვიცე-პრემიერების, მინისტრების დონეზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ძალიან აქტიური ჩართულობა ბიზნესისა. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ჩვენთვის საინტერესო ქვეყნიდან მაღალი დონის ბიზნესის დელეგაცია, ბიზნესწარმომადგენლობა იყრის თავს აბრეშუმის გზის ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გამოძახილი იმ ეკონომიკური რეფორმების, პროგრესის, რომელიც საქართველოში გვაქვს და ასევე იმ წარმატების, რომელიც ეკონომიკური კუთხით ქვეყანას გააჩნია, ასევე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც სტაბილური ქვეყანა, ძალიან მიმზიდველია ევროპისთვისაც და აზიისთვისაც.
„ჩვენი ქვეყნის როლი გაიზარდა ბოლო წლებში, როგორც სანდო პარტნიორის, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირებადობას აზიისა და ევროპის კონტინენტის და ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო კავშირები, ეს არის, მათ შორის, ენერგეტიკული კავშირები, ეს არის ასევე ციფრული კავშირები, ბევრი მიმართულებით სავაჭრო კავშირები, თანამშრომლობა საქართველოსთან არის სარგებლიანი და საინტერესო როგორც ევროპის, ისე აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ასე რომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ ფორუმი ჩაივლის ძალიან წარმატებით და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას და ასევე კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი პლატფორმა, რადგან ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ფორუმის ფარგლებში მოეწერება ხელი ბევრ შეთანხმებას, რაც კონკრეტული პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.