ინდუსტრიულ რქაწითელის ფასი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ხარისხის, 70 თეთრია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავითაშვილმა რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ფასებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რთველი ინტენსიურ ფაზაშია. გადამუშავებულია 80 000 ტონაზე მეტი ყურძენი, აქედან 50 000 ტონაზე მეტი – რქაწითელი, 20 000 ტონაზე მეტი – საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიში.
„ძირითადი ფასი ინდუსტრიულ რქაწითელზე, რომელიც არის ყველაზე მაღალი ხარისხის, არის 70 თეთრი. იყო სპეკულაციები, რომ მევენახეებს არ ექნებოდათ თავიანთი ყურძნის დაბინავების საშუალება, ისინი წავიდოდნენ ზარალზე. ეს ასე არ არის. მინიმალური ფასი არის 70 თეთრი. მიკროზონების მიხედვით, ფასი თეთრ ყურძენზე არის 80 თეთრიდან ლარამდე. ეს ეხება ძირითადად კახურ მწვანეს. უფრო მეტია ქისის შემთხვევაში. ფასი საფერავზე არის 1.50 ლარი და ზემოთ. სტანდარტული საფერავის ფასი – 1.50 ლარი. მუკუზანის მიკროზონაში – 1,50 ლარიდან 2 ლარამდე. ხოლო 2 ლარიდან 2,5 ლარამდე ქინძმარაულის მიკროზონაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, რთველის პროცესში აქტიურად მონაწილეობს 100-ზე მეტი კომპანია და იბარებს ყურძენს.
„რა თქმა უნდა, კერძო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, ყურძენი იყოს ხარისხიანი, მაქსიმალურად იყოს კონდინციაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რთულმა კლიმატურმა პირობებმა – ზაფხულის პერიოდში გვალვებმა, რთველის მიმდინარეობისას წვიმებმა, რაც იშვიათი დამთხვევაა, გამოიწვია დიდი წნეხი, პრობლემები ხარისხთან დაკავშირებით და ამან გადამუშავების კუთხით გარკვეული ჩამორჩენა გამოიწვია, შარშანდელ წელთან შედარებით. შარშან ამ დროისთვის 100 000 ტონა იყო გადამუშავებული, რაც წელს 30 000 ტონით ნაკლებია. თუმცა მომავალ კვირას, პროგნოზის გათვალისწინებით, გვაქვს კარგი ამინდები და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შარშანდელ მაჩვენებლებს დავეწევით. საბოლოო პროგნოზი არის დაახლოებით შარშანდელის მსგავსი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, შარშან დაახლოებით 250 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა.
„წელსაც მოვახერხებთ ყურძნის წარმატებით დაბინავებას. გუშინაც გვქონდა კომპანიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა. რეგულარულად ვხვდებით ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მაქსიმალური იყოს კოორდინაცია და გამოწვევები კერძო სექტორთან ერთად დავძლიოთ. აღვნიშნეთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და კერძო ბიზნესს, ღვინის კომპანიებსაც აქვთ როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. მოვუწოდე კომპანიებს, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, შტაბთან კოორდინირებულად იმუშაონ. ფერმერებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და აქ ყველა მონაწილეს გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს უნდა გავაცნობიეროთ. როდესაც გვინდა ჩაბარება, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიც იყოს ადეკვატური“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, შესაბამისად, ხარისხიან ყურძენს ექნება მეტი ფასი, ეს საბაზრო პრინციპია.