ლევან დავითაშვილი - ყურძნის ჩაბარების პრობლემა ჩვენს მოსახლეობას, ფერმერებს არ ექნებათ
ლევან დავითაშვილი - ყურძნის ჩაბარების პრობლემა ჩვენს მოსახლეობას, ფერმერებს არ ექნებათ

იზრდება გამოწვევები ჩვენი სამინისტროსთვის, რათა რთველი მაქსიმალურად ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე და ისეთივე წარმატებით ჩატარდეს, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა.

„სექტემბერი არის აქტიური სეზონი სასოფლო-სამეურნო მიმართულებით. იცით, რომ გვაქვს ინტენსიური ფაზა რთველის მიმდინარეობის. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ეს არის საკმაოდ დიდი კამპანია და მრავალი ათასი ფერმერია ამ ღონისძიებაში ჩართული, მიზანმიმართულად ჩავთვალეთ, რთველის მიმდინარეობის შესახებ მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაციები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც, ჩვენ გვაქვს კლიმატურად საკმაოდ რთული წელი, ბევრი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ყურძნის ხარისხს. ​ამასთანავე, გვაქვს საკმაოდ დიდი მომავალი. ეს არის მზარდი, შესაბამისად, იზრდება გამოწვევები სახელმწიფოსთვის და იზრდება გამოწვევები ჩვენი სამინისტროსთვის, რათა რთველი მაქსიმალურად ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე და ისეთივე წარმატებით ჩატარდეს, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის ინფორმაციით, ჭარბ და დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო კომპანია „აკურა“ ჩაიბარებს.

„სახელმწიფომ, თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, წელს გააკეთა გარკვეული ინტერვენციები, რათა ბაზარზე სიტუაცია დააბალანსოს, რომ მევენახეების, ფერმერების ინტერესები იყოს დაცული და მათ ჩაბარების პრობლემა არ ჰქონდეთ. შესაბამისად, მივეცით უფლება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ პირდაპირი შესყიდვების განხორციელების. რომელიც, როგორც იცით, ჭარბ, დაზიანებულ ყურძენს იბარებს, რომელიც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევებში, კერძო სექტორისთვის შეიძლება არ იყოს საინტერესო. ჩაბარების პრობლემა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ფერმერებს არ ექნებათ. შესაბამისად, ვნებათაღელვა, რომელიც რთველის მიმდინარეობის პირველ დღეებში იყო, გადაივლის“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.