ლევან დავითაშვილი - ყოველდღიურად მომდის ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახ-ოჯახ ვიზიტების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას ცრუ მოლოდინებს უქმნიან
ყოველდღიურად მომდის ინფორმაცია ე.წ აგიტატორების თუ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახ-ოჯახ ვიზიტების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას ცრუ მოლოდინებს უქმნიან, ცდილობენ ააბუნტონ და საპროტესტო მუხტი შექმნან, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან რთველის შესახებ საუბრისას განაცხადა.
დავითაშვილი ოპოზიციას მავნებლური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
„თავიდანვე განვსაზღვრეთ ის პირობები, რომ მოსახლეობა მინიმალური რისკებისგან დაზღვეული ყოფილიყო. 80-თეთრიანი პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ, შესრულებულია. დღეს ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს და კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები. კონკურენციის პირობებში სხვადასხვა მიკრო ზონაში ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს, კონკრეტულად რქაწითელზე. მოსახლეობას დღეს ჩაბარების პრობლემა არ აქვს. რთველი ახლახანს დავიწყეთ, ჯერ აქტიურ ფაზაში შესული არ არის. ჯერ საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება ინტენსიურად არ დაწყებულა. გვესმის, რომ მოთხოვნა ჯანსაღია და ფასი ლარზე მეტი, ყველა ვარიანტში იქნება. დანარჩენი ფასი ბაზარზე იმ მოთხოვნით განისაზღვრება, დღეს რა მოთხოვნა და რა მიწოდებაც არის. მოსავალი საკმაოდ დიდი, რეკორდულია, მაგრამ ის სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ და სახელმწიფომ გასწია იმის იმედს გვაძლევს, რომ რთველი წარმატებით ჩაივლის. ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მოსახლეობის გრძნობებზე თამაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში პოპულარული გახდა. ყოველდღიურად მომდის ინფორმაცია ე.წ აგიტატორების, თუ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახ-ოჯახ ვიზიტების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას ცრუ მოლოდინებს უქმნიან, ცდილობენ ააბუნტონ და საპროტესტო მუხტი შექმნან. ვფიქრობ, ეს ამორალურია. წარმოიდგინეთ, მშრომელი გლეხის გრძნობებით თამაში, რომ ეტყვი მოდი, უფრო მეტი მოითხოვე და მოგეცემაო. ეს გამყარებული არაფრით არ არის. ეს უსაფუძვლო და მავნებლური პოლიტიკაა“, – განაცხადა დავითაშვილმა.