ლევან დავითაშვილი - ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით, თითქმის ორი წელია, აქტიური საუბარი გვაქვს რამდენიმე ქვეყანას, იმედია, უახლოეს ხანებში დაიწყება ნავთობის გატარება
ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით, თითქმის ორი წელია, გვაქვს საკმაოდ აქტიური საუბარი, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საკითხი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყნის იმისთვის, რომ ეს ნავთობი მოხვდეს ამ მილსადენში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ასევე საუბარი მიმდინარეობს აზერბაიჯანულ მხარესთან გარკვეულ პირობებთან დაკავშირებით.
„BP-სთან ჩვენ გვაქვს ამაზე უშუალო კონტაქტი და, პრინციპში, პოზიციები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ არის მნიშვნელოვანი ასევე აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც გვაქვს ინტენსიური დიალოგი. საჭირო იყო შეთანხმება გარკვეულ პირობებზე. იცით, რომ განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და შერევა აზერბაიჯანულ ნავთობთან ვერ მოხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ძირითად საკითხებში ჩვენ ახლა გარკვეულობა გვაქვს. იმედია, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება. მომავალში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე, უახლოეს ხანებში დაიწყება ნავთობის გატარება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი ყაზახეთს ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს.