ლევან დავითაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო ყაზახეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა და ოლჟას ბეკტენოვმა საუბრისას აქცენტი გააკეთეს საქართველო-ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე.

ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვა. ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის შუა დერეფნის მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება – 2023 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ სავაჭრო პოტენციალი გაცილებით დიდია.

მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში – აღინიშნა, რომ 2023 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების პირველ ათეულშია და ეს დადებითი დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები და მათი რეალიზების მნიშვნელობა იყო. კომისიის მორიგი პლენარული სხდომა პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით, 20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.