ლევან დავითაშვილი - წყალტუბოს განვითარების პროექტი არის ქველმოქმედებისა და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი
წყალტუბოს განვითარების პროექტი არის ქველმოქმედებისა და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე და სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი.
„სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია, ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კერძო ინვესტიციებით წყალტუბოს განვითარება მომხდარიყო და კურორტს დაებრუნებინა თავისი სიდიადე, ის სახელი, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნა. ეს არის დიდი ქველმოქმედების ნაწილი, მას კომერციული ინტერესი ნაკლებად აქვს. ჩვენ წლებია ბატონი ბიძინას მხრიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა სექტორის განვითარების მხარდაჭერის მომსწრნე ვართ. დაინტერესების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მზად არის, გაწეულ დანახარჯებზე უფრო ნაკლებ ფასად დაუთმოს ობიექტები ყველა პოტენციურ ინვესტორს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.