ლევან დავითაშვილი - წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატორი, იდეის ავტორი იყო საქართველო, ჩვენ დავიწყეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, შემდგომ შემოგვიერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც
ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში. საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალქვეშა კაბელის პროექტის იდეა საქართველოს ეკუთვნის.
„ცოტს ხნის წინ, პრემიერის მონაწილეობით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, სადაც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის ევროკავშირის ორი ქვეყანა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამხელა ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და, შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნახეთ, რომ ახლა უკვე ევროკავშირის ხელმძღვანელების ძალიან აქტუალური ჩართულობა და ენთუზიაზმია ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გაფორმების შემდეგ პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭება. ეს იქნება პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის სფეროს საგანი. როდესაც ევროკავშირის ორი ქვეყანა პროექტის განხორციელებაშია ჩართული, ასეთი განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან. მოვისმინეთ ევროკავშირის კომისრების განცხადებები იმაზე, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით, რამდენიმე მილიარდის ფინანსური მობილიზებისთვის ევროკავშირი მზადაა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, წყალქვეშა კაბელის პროექტი თავდაპირველად არც ისე აქტუალური იყო, თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აღნიშნული პროექტით დაინტერესება გამოიწვია.
„პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა და რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მუშავდებოდა, იყო ცალსახად ჩვენი ინიციატივა და საწყის ეტაპზე არცთუ ისე აქტუალურად განიხილებოდა, დღეს ნამდვილად არის ფლაგმანი პროექტი ევროპასთან ურთიერთობის, დაკავშირებადობის საკითხში. ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და, ზოგადად, საქართველოს მნიშვნელობას ეკონომიკური კუთხით გაზრდის“, – განაცხადა დავითაშვილმა.