ლევან დავითაშვილი - წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხით გამორჩეული იქნება
წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხით გამორჩეული იქნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელოში, მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილი, სამეგრელოს მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა, ქალაქ ხობში ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს
სამინისტროს ინფორმაციით, საპროგნოზო მაჩვენებლით წელს დაახლოებით 55 ათასი ტონა თხილის მოსავალი იქნება, რაც ღირებულებაში 100 მილიონს გადააჭარბებს.
მინისტრი სოფელ ახალ ხიბულაში, კობა შონიას თხილის ბაღშიც იმყოფებოდა. ფერმერს ორი ათას ძირამდე თხილი აქვს გაშენებული და თანამედროვე სარწყავი სისტემა აქვს მოწყობილი.
თხილის ბაღის დათვალიერების შემდეგ, ლევან დავითაშვილი აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა.