ლევან დავითაშვილი - ვიწყებთ ახალ გზას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, საქართველო არ არის მარტო რეფორმების, ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გვყავს მეგობრები, მხარდამჭერები ევროკომისიიდან
ლევან დავითაშვილი - ვიწყებთ ახალ გზას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, საქართველო არ არის მარტო რეფორმების, ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გვყავს მეგობრები, მხარდამჭერები ევროკომისიიდან

ვიწყებთ ახალ გზას ევროპული ინტეგრაციის პროცესში. საქართველო არ არის მარტო რეფორმების, ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გვყავს მეგობრები, მხარდამჭერები ევროკომისიიდან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან, კადრი სიმსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება.

„საქართველოში ევროკავშირის კომისიის წარმომადგენლის ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომისრის ვიზიტის ფარგლებში დღეს პირველად შედგა მაღალი დონის დიალოგი ენერგეტიკის სფეროში. როგორც შევთანხმდით, ენერგეტიკის სფეროში მაღალი დონის დიალოგი გვექნება უკვე რეგულარულად, ყოველ წელს და შემდგომში ჩვენი შეხვედრა გაიმართება ბრიუსელში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დღეს ვიზიტი ემთხვევა ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა და იმედი მაქვს, წევრი ქვეყნების ლიდერები ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ დეკემბრის შეხვედრაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რასაც ჩვენი რეფორმებით, მონდომებით ვიმსახურებდით და ვიმსახურებთ. რა თქმა უნდა, ეს ახალ პასუხისმგებლობებს გვანიჭებს და ვიწყებთ ახალ გზას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, როდესაც მეტი უნდა გავაკეთოთ რეფორმების თვალსაზრისით, სხვადასხვა მიმართულებით, რათა საქართველო საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, სრულად ჰქონდეს იმ სარგებლის მიღების საშუალება, როგორც აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ ერთიან ბაზარში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმები, რომლებსაც ვატარებთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტულად, ენერგეტიკის მიმართულებით.

შეხვედრაზე განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ძირითად ნაწილში აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს რეფორმების შესრულების თვალსაზრისით, დიდი პროგრესი ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის დაახლოების, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს ენერგეტიკის მიმართულებით.

ქვეყანას უდიდესი ენერგოპოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიების კუთხით და ამ პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებაზე, ათვისებაზე მხარდაჭერას ვგრძნობთ ევროპისა და ევროპული საფინანსო ინსტიტუტებისგან, რათა ავითვისოთ პოტენციალი, საქართველოში იყოს მეტი გენერაცია და, საბოლოოდ, ის ფლაგმანი პროექტი, რომელსაც ევროკავშირთან ერთად განვახორციელებთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს პირდაპირ, ფიზიკურად დააკავშირებს ევროკავშირთან და მოგვცემს საშუალებას, არა მხოლოდ ინსტიტუციურად ვიყოთ მზად, გვქონდეს წვდომა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ, ფიზიკური წვდომის პირობებში, გვქონდეს ურთიერთმიმოცვლა, საქართველოში წარმოებული ენერგიის ექსპორტი მოხდეს ევროპის ბაზარზე. ვფიქრობ, დღის წესრიგი ძალიან კომპლექსურია და სასიხარულოა, რომ დღეს გვსტუმრობენ ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები. საქართველო არ არის მარტო ამ რეფორმების საინტერესო გზაზე და ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გვყავს მეგობრები, მხარდამჭერები ევროკომისიიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.