ლევან დავითაშვილი - ვიმედოვნებთ, რამდენიმე თვეში შევარჩევთ საიმედო პარტნიორს, რომელიც ხანგრძლივად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან ანაკლიის პროექტის გასავითარებლად
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს სანდო და საინტერესო პარტნიორების შერჩევას.
დავითაშვილის თქმით, იმედი აქვთ, რამდენიმე თვეში ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ყველაზე საიმედო პარტნიორი შეირჩევა.
„ანაკლიის ნაწილში არაფერს ველოდებით, რადგან ჩვენ გადასული ვართ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც კონკრეტულად უნდა შევთანხმდეთ და შევარჩიოთ ყველაზე სასურველი, საინტერესო და სანდო პარტნიორი ანაკლიის პროექტში. ასე რომ, პირველი ეტაპი გავლილია, ახლა გადავედით მეორე ეტაპზე. დაზუსტდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპის დოკუმენტაცია ჩვენს საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად და იწყება დიალოგი პრეტენდენტებს შორის, ორ ფინალისტს შორის, რომლებისგანაც უნდა მივიღოთ კონკურენტუნარიანი წინადადებები, ასევე, გეგმების და პროექტების დამადასტურებელი ფინანსური გარანტიები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და შევარჩევთ ყველაზე საიმედო პარტნიორს, რომელიც გრძელვადიანად ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლებასთან აღნიშნული პროექტის გასავითარებლად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.