ლევან დავითაშვილი - ვფიქრობ, სწორი პრაქტიკაა, თუ კონკურსის პირობებში ორგანიზაციები გამჭვირვალედ მოახერხებენ დაფინანსების მიღებას საზოგადოების დასახმარებლად, ეს იქნება ცივილური პროცესი
ვფიქრობ, ძალიან სწორი პრაქტიკაა, თუ კონკურსის პირობებში ორგანიზაციები გამჭვირვალედ მოახერხებენ დაფინანსების მიღებას საზოგადოების დასახმარებლად. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ნორმალური, ცივილური პროცესი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტში ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა.
„როგორც წესი, ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტში ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა. საქართველოშიც ყოველწლიურად გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და ის პირდაპირპროპორციულად კავშირშია ბიუჯეტის ზრდასთან, მაგრამ საჭიროება ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი და პრიორიტეტების მიხედვით ხდება ამ თანხების განაწილება. მათ შორის, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ის, რომ არასამთავრობო სექტორი დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რადგან ჩვენ მართლა წარმოგვიდგენია, რომ, გარდა იმ ყოველდღიური ამოცანებისა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ, მნიშვნელოვანი როლი, შეიძლება, შეასრულონ ამ ამოცანების და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არასამთავრობო სექტორმა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც დაფინანსების შესაბამისი წყაროები სჭირდებათ. ასეთი ძალიან ბევრი მიმართულებაა საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის, დემოკრატიის და სხვა მიმართულებით, რასაც, რა თქმა უნდა, როგორც პრიორიტეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი საჭიროებისამებრ უპასუხებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის არეალი ძალიან ფართოა. მათ შორის, მოიცავს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებას და ა.შ. შეიძლება, ამა თუ იმ საჭიროებას, რომელიც ქვეყანაშია, უპასუხონ როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. აქ შეიძლება იყოს სწორი ბალანსი, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება. ვფიქრობ, ძალიან სწორი პრაქტიკაა, თუ კონკურსის პირობებში, ორგანიზაციები გამჭვირვალედ მოახერხებენ დაფინანსების მიღებას საზოგადოების დასახმარებლად. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ნორმალური, ცივილური პროცესი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.