ლევან დავითაშვილი - ვფიქრობ, საქართველოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ საზოგადოებას წლების განმავლობაში დაამახსოვრდება
მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ფაქტობრივად, განახლდა ბაკურიანის სპორტული ინფრასტრუქტურა და დღეს ეს ინფრასტრუქტურა სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ აღნიშნა, რომ საქართველო საუკეთესოდ მოემზადა და სამაგალითოა. მეორეა საორგანიზაციო კომპონენტი. ვფიქრობ, საქართველო აქაც ისახელებს თავს და საქართველოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ საზოგადოებას წლების განმავლობაში დაამახსოვრდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც ბაკურიანში მოეწყო, მხოლოდ 2023 წლისთვის არ გაკეთებულა და ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოემსახურება საქართველოს ტურისტებს, ვიზიტორებს.
„ასევე იმას, რომ საქართველოში აღიზარდონ მაღალი დონის სპორტსმენები და, საბოლოოდ, არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყანა ვიყოთ და ამით ვამაყობდეთ, არამედ სათხილამურო და ზამთრის სპორტულ სახეობებში კარგი შედეგები გვქონდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ბაკურიანში მოწყობილი ინფრასტრუქტურა ქვეყანას ასევე გამოადგება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის, რომელიც ასევე საქართველოში იგეგმება, თუმცა გარკვეული სახეობებისთვის დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.
მისივე თქმით, ბაკურიანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა.
„ბაკურიანში გაკეთდა სამი ახალი საბაგირო ხაზი, რომელიც კურორტს თვისობრივად ცვლის. სათხილამურო ტრასების სიგრძე გაიზარდა, გაკეთდა ექვსი ახალი სათხილამურო ტრასა და ხელოვნური გათოვლიანების 29-კილომეტრიანი სისტემა, რომელიც არის ყველაზე გრძელი მსოფლიოში, ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი, რაშიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი ინვესტიცია დაიხარჯა. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბა, რომელიც ცალკე ტურისტული ატრაქცია იქნება. ზაფხულის და ზამთრის თვეებში ეს ბაკურიანის ლანდშაფტს უფრო ლამაზს ხდის, როდესაც გონდოლებით მგზავრები ათვალიერებენ ბაკურიანის ლამაზ ლანდშაფტს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „აითიბი ბერლინთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მსოფლიოში წამყვანი ტურისტული გამოფენა, რომელიც მსოფლიოს ტურისტული ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს მასპინძლობს.
„საქართველოს ამბიცია აქვს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ქვეყანა. ზოგადად, ტურიზმის ინდუსტრიას ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდი როლი და წვლილი გააჩნია. ამ პირობებში საქართველო წარდგება, როგორც მასპინძელი ქვეყანა და ჩვენი სტუმარმასპინძლობის ძლიერ მხარეებს მსოფლიოს ვაჩვენებთ. ესეც ძალიან პრესტიჟულია და ვფიქრობ, საქართველოს ცნობადობას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორია ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა და რამდენად სტაბილურად შეიძლება, ის განვითარდეს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობს ტურისტული ინდუსტრიის ზრდის პოტენციალი და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.