ლევან დავითაშვილი - ველოდები, რომ პარტნიორებთან გაგრძელდება შედეგიანი, ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით
ჭარბობს ემოციები, ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამოქმედების შემდეგ კანონთან მიმართებაში იქნება უფრო რაციონალური მიდგომა, თუ არსებობს კონკრეტული შენიშვნები, მოსაზრებები, ამაზე მსჯელობა და არა უბრალოდ კანონის მიღება-არმიღებაზე, რადგან კანონი უკვე მიღებულია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, თითოეულ კანონს სჭირდება აღსრულების პირობებში გარკვეული გამოცდა.
„ამოქმედების პირობებში ჩვენ დავინახავთ, როგორი იქნება კანონის მუშაობა. საბოლოოდ, მივიღებთ იმ შედეგებს, რაზეც იყო საუბარი, რომ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც, ბუნებრივია, ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
ყველა იმ პროცესზე, რაც ქვეყანაში ხდება და უკავშირდება მთავრობის, მმართველი გუნდის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას, პასუხისმგებელი მთავრობაა და ამის შესახებ არაერთხელ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, მოველი, რომ ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდება ძალიან შედეგიანი, ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ თანამშრომლობას ჩვენს ძირითად პარტნიორებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღება ნეგატიურად აისახა საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის პროცესში.
„ეს კანონი სხვა რამეს ეხება და, ვფიქრობ, არ არის კავშირში ინვესტიციებთან. ყველაფერი დროში გამოჩნდება. დროს ნუ დავკარგავთ, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, დაველოდოთ შედეგებს და შემდეგ შევაფასოთ და ვისაუბროთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.