ლევან დავითაშვილი - ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს ისეთი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც დაეხმარება „ბორჯომს“, დასაქმებულების ინტერესებს და შეთანხმებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან
ლევან დავითაშვილი - ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს ისეთი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც დაეხმარება „ბორჯომს“, დასაქმებულების ინტერესებს და შეთანხმებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან

ჩვენ ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთი მხრივ, დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული ბორჯომის ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ, იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ ვმუშაობთ პირველი დღიდან, მას შემდეგ რაც „ბორჯომის“ დამფუძნებელი კომპანიის რამდენიმე აქციონერი სანქცირებულია, როგორც იცით რამდენიმე მარეგულირებლის მიერ. ეს პროცესი არის კომპლექსური, იმიტომ, რომ თქვენ იცით – საქართველოს არის საერთაშორისო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური სანქციების ნაწილი, რომელიც კონსენსუსის ფარგლებშია მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. შესაბამისად ჩვენ პროცესში ვმონაწილეობთ პირველი დღიდან, თუმცა ვინაიდან პროცესის მხარე არ ვართ მხოლოდ ჩვენ და არის ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომლებთანაც დეტალებზე გაუთქმელობის შეთანხმება გვაქვს, იმიტომ, რომ არის იურიდიული პროცესი, რომელსაც ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ პარტნიორის თანხმობის გარეშე, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გიზიარებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთი მხრივ დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს, და მეორე მხრივ იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სანქციების გამო, „IDS ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა“.

2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.