ლევან დავითაშვილი - ვაზიანში ახალი აეროპორტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ავიაციის განვითარებას, ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი, ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება მოსახლეობისთვისაც
ვაზიანში ახალი აეროპორტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება მოსახლეობისთვისაც.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მრავალი თვის განმავლობაში ვსწავლობდით შესაძლო ვარიანტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. გასულ შაბათს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც დეტალური პრეზენტაცია წარვუდგინეთ საბჭოს წევრებს იმ კვლევების შესახებ, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. განვიხილეთ რამდენიმე შესაძლო ვერსია, რომლებიც სხვადასხვა პროგნოზს ეფუძნებოდა. ეს იყო მგზავრთნაკადი, რომელიც შეაფასა აეროპორტების გაერთიანებამ, ასევე ADB-ის რამდენიმე საპროგნოზო მონაცემი. ჩვენი ვარაუდით და გეგმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მგზავრთნაკადი. ჩვენი გათვლაა, რომ 2050 წლისთვის დაახლოებით 19 მლნ შეიძლება იყოს. არ ვგულისხმობთ მხოლოდ ტურიზმს. ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდასთან და ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იზრდება ჩვენი მოქალაქეების მობილობა. აქედან გამომდინარე, აეროპორტი იმგვარად უნდა განვითარდეს, რომ თავისუფლად მოემსახუროს ამ რაოდენობის მგზავრებს. ასევე, აეროპორტმა უნდა შეძლოს საერთაშორისო დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულება, ეს ეხება როგორც სამგზავრო გადაყვანებს, ისე სატვირთო გადაზიდვებს. ამ კუთხითაც შეიძლება, უპასუხოს ჩვენს ამოცანებს აეროპორტის ახალ ტერიტორიაზე განვითარებამ. ამ შემთხვევაში, საუბარია ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროპორტის გამოყენებაზე, რათა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ცენტრი, ჰაბი, შეიძლება ასეც დავარქვათ, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის განვითარებას. მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია და სრული ორი ფაზა მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელდება.
როგორც ჩვენ შევაფასეთ, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს. ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს ახალი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება. დაახლოებით ხუთ პროცენტზე მეტია მთლიან შიდა პროდუქტში წვლილი, ჯამურად, აეროპორტის ორივე ფაზის განვითარება. მას მიმზიდველი ფინანსური მაჩვენებლები აქვს. ესეც იყო გათვალისწინებული მიზანშეწონილობის კვლევაში, რომ ინვესტიციები საბიუჯეტო წნეხის გარეშე განხორციელდეს. ეს პროექტი იმდენად მიზანშეწონილი, ეკონომიკურად მიმზიდველია, რომ შევძლებთ დაფინანსების მოზიდვას არასუვერენული არხებით, ანუ სუვერენული წნეხის გარეშე. საბოლოოდ, ეს მოგვცემს საშუალებას, განვავითაროთ სრულიად ახალი ტერიტორიები. ახალი შესაძლებლობები ჩნდება თბილისის, ზოგადად, ქალაქის და ურბანული განვითარებისთვისაც.
ახალი ტერიტორია მოგვცემს საშუალებას, მეტად განვითარდეს რუსთავიც. რუსთავის მოსახლეობისთვის ჩნდება დასაქმების ახალი ადგილები, რადგან პროექტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი, მომსახურება აქვს, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს. ეს იქნება ტექნოლოგიური თუ რიგითი სამუშაო ადგილები. ამ კუთხითაც, ვფიქრობ, დამატებითი პლუსი იქნება და საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხით. აეროპორტთან მისასვლელი გზა იქნება ახალი მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი.
იცით, კახეთისკენ მომავალი ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. ზუსტად გამარჯვებიდან რუსთავამდე გზის მონაკვეთი გაივლის ახალი აეროპორტის ტერიტორიას. ეს საშუალებას მოგვცემს, არსებული ტერიტორიები, ანუ დღევანდელი აეროპორტის ტერიტორიები გამოვიყენოთ განვითარებისთვის. ქვეყანას მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს, იმავე საკონვენციო ცენტრების განვითარების კუთხით. წელს ვმასპინძლობთ მნიშვნელოვან საქმიანი ტურიზმის გამოფენას, მაგრამ ამ ინფრასტრუქტურის ნაკლებობას ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდის. ამ კუთხითაც ჩნდება შესაძლებლობები, რომ ეს ტერიტორიები ეფექტურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.