ლევან დავითაშვილი - ვაჭრობის კუთხით, 2021 წელი იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში, დადებითი ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებით, 2021 წელი ვაჭრობის კუთხით იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში და მნიშვნელოვანია, რომ დადებითი ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა.
„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი, საკმაოდ კარგი მონაცემები, სადაც მნიშვნელოვნად – 47.6 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და ის 331.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ასევე, გაზრდილია იმპორტიც 38.5 პროცენტით და შეადგენს 778.1 მილიონ დოლარს. ზოგადად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2022 წლის იანვარში, იყო რეკორდულად მაღალი და მან 1,109.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღდგენის კუთხით და ინვესტორებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასება, რომლის მიხედვით, საქართველომ სუვერენული რეიტინგი – „BB“ სტაბილური შეინარჩუნა.
„იცით, რომ რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო, ეფექტური პოლიტიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილური „BB“ რეიტინგი, იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები, რაც ასევე მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.