ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც გვაქვს რუსეთთან, მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს გაქვს რუსეთის ფედერაციასთან მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გურჯაანში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ფერმერებისგან მოისმინა კონკრეტული წინადადებები და მათ მხრიდან იყო ლეგიტიმურად დასმული საკითხი, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება ისეთ ბაზრებთან, სადაც გვაქვს ინტენსიური კავშირები.
„ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ჩვენ ამ საკითხს არ ვეხებით, მაგრამ შევძელით ინტენსიური სავაჭრო ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების დამყარება და კავშირების აღდგენა. ჩვენი დიდი იმედია, რომ არ გვექნება სავაჭრო ემბარგო რუსეთის ფედერაციასთან. შევძლებთ, გავაგრძელოთ სავაჭრო ურთიერთობები მათ შორის, ღვინის სფეროში, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატულ კავშირზე დაფუძნებული, იყოს ემოციებისგან დაცლილი და იყოს ექსპერტული. ჩვენი მხრიდან ამ პროცესში ჩაერთვებიან ის კომპეტენტური უწყებები, რომელთაც საექსპერტო პოტენციალი აქვთ. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადეკვატურად იქნება აღქმული, სადაც ჩართული იქნებიან შესაბამისი ტექნიკური სტრუქტურები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრესი, რომელიც მიღწეული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად სავაჭრო ურთიერთობებში შენარჩუნებული იქნება.
„იმედი მაქვს, სწორად იქნება აღქმული შესაბამისი უწყებების მხრიდან პროცესები და ის იქნება გამიჯნული პოლიტიკისგან. ჯერ ჩვენ სახეზე არ გვაქვს ემბარგო. იმედი მაქვს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება. გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმეწლიანი სამუშაო პროცესი, რომელიც ორივე მხრიდან იძლევა შედეგებს, ასე ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. იმედი მაქვს, რომ დიალოგის პროცესები, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ ემბარგო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს გაქვს რუსეთის ფედერაციასთან მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.