ლევან დავითაშვილი - უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ენერგიების განვითარების წასახალისებლად
ლევან დავითაშვილი - უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ენერგიების განვითარების წასახალისებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

მისი განცხადებით, იმისთვის, რომ შემცირდეს ენერგოდამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების რესურსებზე, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას. მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ენერგიის წარმოების წასახალისებლად.

„შეიძლება, ითქვას, რომ ენერგეტიკის მიმართულებით 2022 წელი რეკორდულია მთელი რიგი პარამეტრებით: გასული ცხრა თვის მონაცემებით, ადგილობრივმა ელექტროგენერაციამ 11 მლრდ კვტ სთ-მდე გამოიმუშავა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია – ეს მაჩვენებელი 23 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 15 პროცენტით – 2018 წლისას, როდესაც გამომუშავების მაქსიმუმი დაფიქსირდა. ამასთან, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 990 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია, რაც ასევე რეკორდულია ბოლო ათწლეულის განმავლობაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში ინვესტორებთან გაფორმდა 63 მემორანდუმი, რაც 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება 26 ჰიდროელექტროსადგური, შვიდი ქარის ელექტროსადგური და 30 მზის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 454 მგვტ-ს შეადგენს.

„ენერგეტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობისა და განვითარების ჭრილში განსაკუთრებით აღსანიშნავია „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი“, რომელიც ასოცირების საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილია, როგორც ფლაგმანი პროექტი ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით. ეს არის ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს. ხაზის სიმძლავრე 1000 მგვტ, სიგრძე კი – 1195კმ-ია. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, ასევე გვქონდეს წვდომა განახლებადი ენერგიის ყველაზე მაღალმსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარზე პირდაპირ, შუამავალი ქვეყნებისა და ტრანზიტის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი, ეროვნული მნიშვნელობის გარდა, არის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგოუსაფრთხოების პროექტი და მასში მნიშვნელოვნად იქნებიან ჩართულნი როგორც ევროკავშირი, ასევე აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ენერგეტიკული რესურსების მიწოდების წყაროების უზრუნველყოფა და მათი დივერსიფიცირება, არამედ, საიმედო და კარგად განვითარებული გადამცემი ინფრასტრუქტურის არსებობა. მინისტრის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა როგორც ელექტროენერგიის, ისე, ბუნებრივი გაზის მიწოდების ნაწილში. ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიცირებით შემუშავებული და დამტკიცებული ქვეყნის ათწლიანი განვითარების ხედვის ფარგლებში ორივე სექტორისთვის შემუშავებულია გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმები, რომელთა მიზანია, საქართველოში განვითარდეს ეკონომიკურად მდგრადი, საიმედო და ეფექტური ინფრასტრუქტურა.

„აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამა. თითქმის დასრულდა 2019-2021 წლების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები და დაიწყო 2022-2024 წლების გეგმის განხორციელება. გეგმის ფარგლებში დამატებით 244 დასახლებული პუნქტის 39 698 ოჯახს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში. გეგმის დასრულების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის (თბილისის ჩათვლით) დაახლოებით 93 პროცენტს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და მსოფლიოში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.