ლევან დავითაშვილი - ტყის დასაცავად სხვადასხვა უწყების ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ტყის დასაცავად სხვადასხვა უწყების ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი.
„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს ეხება, რომელიც ტყეში გვაქვს. ტყეს აქვს საკმაოდ დიდი წნეხი სოციალური კუთხით, როცა გამოიყენება ძირითადად გათბობის საშუალებად. ამავე დროს, საქართველოში ტყე ბევრ რეგიონში არალეგალური გამოყენების საშუალებაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტ კონტროლს ექვემდებარება და უმჯობესდებოდა კონტროლი, თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ სხვადასხვა უწყების ძალისხმევა გაერთიანდეს, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობას ტყის ლეგალური გამოყენების საშუალება უნდა მიეცეს.
„სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობით მართლა მივიღებ შედეგებს და ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეფექტიანი ვიყოთ კონტროლის ღონისძიებებში. მაგრამ, როცა კონტროლის ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, ასევე ვსაუბრობთ მდგრად მართვაზეც და იმაზე, რომ ლეგალური გამოყენების, ლეგალური ჩართულობის საშუალება მივცეთ მოსახლეობას, იმისთვის რომ ტყე ეკონომიკური საშუალებაც არის და ტყის მდგრადი მართვის გამოყენების მართვის პირობებში, შეიძლება მივიღოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგი.
ასეთი კომპლექსური მიდგომით ჩვენ შედეგებს მივაღწევთ, მათ შორის, საკანონმდებლო ბაზაზეა საუბარი, რომელიც მოაწესრიგებს ურთიერთობებს სატყეო სექტორში და ასევე, სანქცირების ნაწილში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.