ლევან დავითაშვილი - თითოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტატების გადაწყვეტილებით
თითოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტატების გადაწყვეტილებით, უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან და დაცული უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სტანდარტებით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად წაეყენება ამა თუ იმ აგრარული ბაზის ადმინისტრაციას, რათა მოხდეს იმ წესების დაცვა, რომელიც მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
„ეს წესები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო ღონისძიებების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას, ეს უკავშირდება ადგილზე სანიტარული საშუალებების არსებობას, მათ შორის მიკვლევადობას, თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, რათა მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე-პერსონალის წარსული საქმიანობა, მათი კონტაქტები. ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია, მნიშვნელოვანია ვისთან და როგორ იმყოფებოდნენ კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვება ასეთ აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები, რადგან ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანდაცვის რისკებიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს, არის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია ვაჭრობის წესები. დისტანციები დახლს შორის, მოვაჭრეების ორგანიზება იმ შემთხვევაში, თუ პატარა სივრცეებია, მაშინ უნდა შედგეს კონკრეტული სურსათით ვაჭრობის გეგმა-გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტოსთან შეთანხმდება. თითოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტატების გადაწყვეტილებით, უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან და დაცული უნდა იყოს მოთხოვნები, რომელიც წარმოგიდგინეთ და რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა. გარდა ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა, მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევის წესებსაც. თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური წესები, სხვადასხვა ვალდებულებაა განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან, ჰიგიენასთან, სანიტარულ პირობებთან ერთად, დადგენილია მომხმარებლის, მყიდველის ვალდებულებები და მნიშვნელოვანია, რომ სანქციები განისაზღვრება ამ სტანდარტის დარღვევის შემთხვევაშიც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის 181-ე დადგენილების განსაზღვრული სანქციები ვრცელდება ამ პირობების დარღვევის შემთხვევაშიც თითოეულ დამრღვევ სუბიექტზე, იქნება ეს ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.