ლევან დავითაშვილი - თბილისში ვიწყებთ სადეზინფექციო საშუალებებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამუშავებას
თბილისი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და დედაქალაქში ვიწყებთ სადეზინფექციო საშუალებებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამუშავებას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„დღეს კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, დედაქალაქის მერთან, ბატონ კახი კალაძესთან ერთად. თბილისი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და ამიტომ, თბილისში სადეზინფექციო საშუალებებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამუშავებას დავიწყებთ, რომ ავტობუსის გაჩერებებზე და მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობას გადაადგილება უწევს, დეზინფექცია და დაავადების გავრცელების რისკის შემცირება მოხდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლებში გაზრდილი ტექნიკური საშუალებები გააჩნია და შეუძლია, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში გარკვეული მონაწილეობა მიიღოს.
„კორონავირუსის რისკის გაჩენის პირველივე დღიდან სამინისტროს სპეცეკიპაჟები მონაწილეობას იღებენ საზღვრებზე, სადაც სპეციალური დეზინფექცია უტარდება ტვირთებს, რომელიც ქვეყანაში შემოდის. გუშინ, საკარანტინო სივრცეში ჩვენი ტექნიკა იყო გამოყენებული და დღეს დავამატეთ სპეცტექნიკა, მათ შორის, მძიმე ტექნიკა – ტრაქტორებზე მიბმული სპეციალური აგრეგატები, რათა უფრო დიდი ფართობის დამუშავება მოხდეს. ამ კუთხით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ პრეპარატები, რომლებსაც გამოვიყენებთ, მათ მიერ იყოს აღიარებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.