ლევან დავითაშვილი - თბილისში ატმოსფერული ჰაერის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია
ლევან დავითაშვილი - თბილისში ატმოსფერული ჰაერის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით სამინისტრომ კომპლექსური კამპანია ჩაატარა.

მისი თქმით, კვლევებით დადასტურდა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

მინისტრის განცხადებით, ​გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეამოწმა 143 ავტოგასამართი სადგური და დადასტურდა, რომ ატმოსფერულ ჰაერში საწვავისმიერი დაბინძურების რისკი ტყვიის არ არის.

„ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ხშირად იყო სპეკულაცია. მინდა გითხრათ, რომ 2017 წლის შემდეგ საქართველოში ბენზინი ტყვიის გარეშეა. ხშირ შემთხვევაში იყო ეჭვი, რომ ერთია, რა არის დეკლარირებული და მეორეა, ქვეყანაში რეალურად რა შემოდის, თუმცა აქაც საბაჟო აკონტროლებს და პერიოდულ მონიტორინგს ატარებს. მიუხედავად ამისა, იყო საუბარი, რომ შესაძლოა, საქართველოში ადგილზე ხდებოდეს გარკვეული შერევები ან ძველ დაბინძურებულ ავზებში ბინძურდებოდეს საწვავი. ამ კითხვებზე საპასუხოდ სამინისტრომ ჩაატარა კომპლექსური კამპანია.

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეამოწმა 143 ავტოგასამართი სადგური. საქართველოს მასშტაბით 250 სინჯი ავიღეთ, რომლებიც გადამოწმდა კომპანია „ესჯიესში“. ეს შვეიცარული საექსპორტო ბიუროა და იმისათვის, რომ კვლევების მაღალი სანდოობა ყოფილიყო, დავიქირავეთ „ესჯიესი“. დადასტურდა, რომ ატმოსფერულ ჰაერში საწვავისმიერი დაბინძურების რისკი ტყვიის არ არის. თბილისში ატმოსფერული ჰაერი 61 ადგილას შემოწმდა და დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია, გადაჭარბება არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.