ლევან დავითაშვილი - თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება-განვითარების მიზნით შესაბამისი კვლევები მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად ჩატარდება
ლევან დავითაშვილი - თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება-განვითარების მიზნით შესაბამისი კვლევები მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად ჩატარდება

საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო პროცესი არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა არსებული აეროპორტის შესაძლებლობები, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ მას მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს, მათ შორის – ტერიტორიიდან და განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები სანავიგაციო კუთხით, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხთან. შესაბამისად, განიხილება როგორც არსებული აეროპორტის გაფართოების, ისე ახალი აეროპორტის ახალ ლოკაციაზე აშენების საკითხი.

„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გამართული ახალი აეროპორტი გვქონდეს და მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ. ვაზიანის აეროპორტი სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ოფციაა, ის ამ ლოკაციაზე იმიტომაც იყო განლაგებული, რომ სანავიგაციო კუთხით ბევრი უპირატესობა აქვს, ისევე როგორც ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ახალ აეროპორტზე ან არსებული აეროპორტის განვითარებაზე, ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხს ვითვალისწინებთ, მათ შორის ურბანული განვითარების კუთხით, ასევე ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც აეროპორტმა უნდა გააჩინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ საავიაციო ინფრასტრუქტურაზე, რადგან აეროპორტი არის მთელი ეკოსისტემა, სადაც ხდება ბიზნესის განვითარება, სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციები და ა.შ. ამიტომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს გარკვეულად რეგიონული ჰაბი და ცენტრი, და ასევე სატრანზიტო ფრენებზე, მათ შორის კარგო-ოპერაციებზე, ამისთვის გვჭირდება განვითარების სივრცე და დიდი ეკონომიკა. საბოლოოდ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ელემენტი და ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ არსებითი საკითხია, თუ როგორია პროგნოზები მომავალში საქართველოში მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია – საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რასაც ადასტურებს ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული ტენდეცია.

„როდესაც ვსაუბრობთ აეროპორტზე ან აეროპორტის ახალ პროექტზე, რა თქმა უნდა, გეგმა ვერ იქნებოდა მოკლევადიანი. ამიტომ 2030 წელზე გათვლა აეროპორტთან მიმართებაში არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი მიდგომა, ჩვენი გათვლები უნდა ემყარებოდეს 2050 წლამდე იმ შესაძლებლობებს, რომელიც აეროპორტს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, მთავრობის დღევანდელი განკარგულებით, დაქირავებული იქნება რამდენიმე საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფი, საკონსულტაციო კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიდიოდა. ამასთან, მოხდება ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების გადამოწმება და დამატებითი კვლევების ჩატარება მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად.

რაც შეეხება ვადებს – ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ახალი აეროპორტი აშენდება თუ მოხდება ადგილობრივი აეროპორტის გაფართოება, თუმცა ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, მინიმუმ, ტექნიკური პირობები მიმდინარე წელს განისაზღვრება. „ასე რომ, ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა უკვე 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყოთ, რაც ალბათ 3–4 წელიწადს გაგრძელდება“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.