ლევან დავითაშვილი - სწორი კომუნიკაციის პირობებში ინვესტორებისთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, რომ საქართველოს ეკონომიკა არის გრძელვადიანად სანდო, ის შეინარჩუნებს მიმზიდველობას
მოკლევადიანი მღელვარების მიუხედავად, რომელიც შეიძლება, ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში, მათთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, რომ საქართველოს ეკონომიკა არის გრძელვადიანად სანდო, ის შეინარჩუნებს მიმზიდველობას – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილს კითხვა დაუსვეს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ინვესტორებთან ხომ არ გაფუჭდება საქმე და ხომ არ ელოდება სანქციებს.
„ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკაზე აისახება ხოლმე პოლიტიკური არასტაბილურობა, ზოგადად, არასტაბილურობა, სხვადასხვა საფრთხე. ეკონომიკა მგრძნობიარეა და ეკონომიკის აგენტები და კონტრაგენტები ამაზე მყისიერად რეაგირებენ, ამიტომ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტები, როგორც იყო ინტერვენციები სავალუტო კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებს, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას. ასევე, მოლოდინია, რომ გვექნება შინაარსობრივი დიალოგი, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს.
მოკლევადიანი მღელვარების მიუხედავად, რომელიც შეიძლება, ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში ინვესტორებისთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, რომ საქართველოს ეკონომიკა არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა. ბოლო წლებში ამას აჩვენებდა საქართველოს ეკონომიკა და ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ხუთ მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ, რადგან იყო ნდობა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო. თავიანთ ინვესტიციებზე ისეთ სარგებელს იღებდნენ, როგორსაც სხვა ეკონომიკებში ვერ მიიღებდნენ. საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს ამ მიმზიდველობას.
ინვესტორისთვის ობიექტურად დასაყრდენი არის ის ინდიკატორები, რეიტინგები და შეფასებები, რომლებიც მოდის კომპეტენტური სარეიტინგო-შემფასებელი კომპანიებიდან და ობიექტურ გაანგარიშებებს ემყარება. შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რადგან გვაქვს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ამაზე დაფუძნებით, ინვესტორებიც ობიექტურად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამის მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, შესაძლოა, დასავლეთიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების დაფინანსება შეწყდეს. მისივე თქმით, სანქციებს არ ელოდება.