ლევან დავითაშვილი - ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეხები პანდემიით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა დაგვევალა. ამ დავალების ფარგლებში, ჩვენ შევძელით, სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება.
ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა. საჭიროების გათვალისწინებით, ჩვენ უმოკლეს ვადებში ავამოქმედეთ სუბსიდირების პროგრამები. საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მცირე და მსხვილ მარკეტებს, რეგულარულად მიეწოდებოდათ პანდემიის პირობებში საქმიანობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. ინფორმაცია მიეწოდა და გადამოწმდა 5520 ობიექტი. აგრარული ბაზრების ფუნქციონირების დასაშვებად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთო ჩვენი სპეციალიზებული 80 ერთეული ტექნიკა, რომელიც მუშაობდა საზღვრებზეც. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით და ზედამხედველობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა 90-მდე აგრარული ბაზარში. ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფას ახდენდნენ. უსაფრთხოების ახალი წესების დაცვაზე კონტროლს გზდ 500-ზე მეტ ობიექტზე ახორციელებდა.
ჩვენ შევძელით რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დამდგარიყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.