ლევან დავითაშვილი - სურსათის მიწოდების მხრივ შეფერხება არ არსებობს, დახლები სავსეა და მარაგები საკმარისზე მეტია
საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება სურსათი, რომელიც შეკვეთილი იყო, ზუსტად იმ პირობებისთვის, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, აღმოიფხვრა შეფერხებები, რომელიც უბრალოდ, კლიმატურ პირობებს უკავშირდებოდა და, რომელზეც რამდენიმე დღის განმავლობაში ვსაუბრობდით. შეფერხებები მეზობელ ქვეყნებშიც არსებობს. მათ შორის, წარმოების კუთხით და ასევე, გარკვეული შეზღუდვებია ექსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყანაში სასურსათო მიწოდების ჯაჭვში წყვეტა, ან შეფერხება არ შექმნილიყო. ამ კუთხით აბსოლუტურად საიმედო სიტუაციაა და დღეს, ყველა ძირითად პროდუქტზე საკმარისი მარაგები გვაქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მაქსიმალური დისციპლინით მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად იყოს კონტროლის ქვეშ, ყველა მიმართულებით.
„საქართველოში სურსათის მიწოდების კუთხით შეფერხება არ არსებობს, დახლები სავსეა და მარაგები საკმარისზე მეტია, რომ მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდების დეფიციტი არ იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პრევენციული ზომები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ადგილი ექნება ფასების მატებას, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიზანია, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაძვირდეს და ამიტომ, იმპორტიორების მხრიდან ამ პროდუქტებზე 10 მარტის ფასებით უნდა მოხდეს დაფიქსირება, რათა მათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო შეღავათი მიიღონ.
„ჩვენი ამოცანა და მიზანია, ფასები არ გაძირდეს და არა ის, რომ ბიზნესის ინტერესები დავაკომპენსიროთ, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გადავარჩინოთ და მდგრადი იყოს. პირველადი მიზანი ეს არის მგრძნობიარე პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო თვითკმარი იქნება ფაქტიურად, ყველა ბოსტნეული კულტურის და ხორცპროდუქტების ნაწილში.