ლევან დავითაშვილი - სუბსიდირების პროგრამაში ჩართულია 60-ზე მეტი პურის საცხობი, რომლებსაც შეუძლიათ, სპეციალურ ფასად მიიღონ ფქვილი
ვრცელდებოდა ინფორმაცია, როგორ გაიზარდა ხორბალზე გლობალურაფ ფასი, ფქვილის ფასის სტაბილურობა მოვახერხეთ ნოემბრის შუა რიცხვებამდე მინიმუმ. ამის შემდეგ უკვე ობიექტური პირობა იყო, რომ მარაგის საშუალო შეწონილი ფასი უკვე მწარმოებლების, წისქვილებისთვის იყო აბსოლუტურად განსხვავებული. მათ ობიექტური წინაპირობა ჰქონდათ, რომ ფასი ფქვილზე უნდა გაეძვირებინათ და ეს არის დაახლოებით ერთ ტომარაზე 10, 12, 13 ლარიანი ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, სამრეწველო პურისთვის საჭირო ფქვილი მთლიანად დაასუბსიდირეს. მისივე თქმით, ახალი მოსავლის პროგნოზები გამოჩნდება 2021 წელს და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა სუბსიდირების პროგრამას.
„ანუ ჩვენ გადავდიოდვართ უკვე იმ ნიშნულს მიღმა, სადაც ფქვილის ფასი პირდაპირ დაკავშირებულია პურის ფასთან და პურის ფასი უნდა გაზრდილიყო. ჩვენ გვქონდა მთელი შემოდგომის პერიოდში საუბარი, რეგულარული შეხვედრები როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, ისე პურის მწარმოებელთა ასოციაციასთან. ეს ორი რგოლი თუ არ არის სინქრონში, ჩვენ ვერ მოვახერხებთ შედეგის მიღებას და საბოლოოდ იმ ფორმულაზე შევჯერდით, რომელიც დღეს მუშაობს. ეს არის, რომ ჩვენ ფაქტობრივად, სამრეწველო პურისთვის საჭირო ფქვილი მთლიანად დავასუბსიდირეთ. რა თქმა უნდა, ვერ მოვიცავით ყველა, რომელიც პურპროდუქტებს და პურფუნთუშეულს აწარმოებს, აქ ასორტიმენტი არის ძალიან დიდი. ეს არ არის მხოლოდ პური, ეს არ არის მხოლოდ სოციალური საჭიროება, აქ არის ბევრი ფუფუნების პროდუქტი, მათ შორის სხვადასხვა სახეობის პური და ა.შ. მაგრამ, რასაც სამრეწველო პური ჰქვია, გარანტირებულად აქ ფასს ჩვენ ვინარჩუნებთ. ეს არის ყველაზე იაფი მექანიზმი და შედეგიანი მექანიზმი. ჩვენ თუ ამოცანა გვაქვს, რომ სოციალურად შეჭირვებულ კატეგორიის დაცვა მოვახერხოთ, ამას ვაკეთებთ, მაგრამ ის, რომ საბიუჯეტო რესურსი ასე ვთქვათ, გავისროლოთ, მაქსიმალურად მოვახმაროთ ყველას და ყველაფერს, ამას არ ვაკეთებთ. ამიტომ ცალსახაა, რომ ეს პროგრამა იმუშავებს დადებითად 4 თვის განმავლობაში, მარტის ბოლომდე. ეს იმისთვის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ბაზრის კონიუნკტურას, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს ხორბლის ფასები. არავინ იცის, შეიძლება კიდევ გაძვირდეს, მაგრამ შეიძლება შემცირდეს კიდევაც და ამის მოლოდინიც არის. ვფიქრობ, უფრო შეიძლება შემცირდეს.
ახალი მოსავლის პროგნოზები გამოჩნდება 2021 წელს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ უკვე გავაგრძელებთ თუ არა სუბსიდირების პროგრამას. რაც შეეხება ჩართულობას, 60-ზე მეტი პურის საცხობი პროგრამაში არის ჩართული, რომლებსაც შეუძლიათ სპეციალურ ფასად მიიღონ ფქვილი, რასაც გამოიყენებენ ერთადერთი მიზნისთვის, რაც ნიშნავს ფართო მოხმარების პურის წარმოებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.