ლევან დავითაშვილი - სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს
ლევან დავითაშვილი - სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს

ქვეყანაში თუ გვექნება სტაბილურობა და მშვიდობა, ისეთი არჩევანი, რომელიც სტაბილურობას და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებად გარემოს უზრუნველყოფს, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ, მათ შორის, პენსიებიც გავზარდოთ, მეტიც, ამბიციურადაც გავზარდოთ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილი დღეს იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, თერჯოლასა და ზესტაფონში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი წარიმართა, მათ შორის, სოციალურ თემებსა და ამ კუთხით ხელისუფლების გეგმებზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მისი განმარტებით, ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია, პენსიების ზრდის საკითხი დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ შესაძლებლობასთან, რომელიც ქვეყანას ექნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ამ პირობების, გარემოებების და, შესაბამისად, კონკრეტული გათვლების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის პენსიების 1 000 ლარამდე გაზრდის შესახებ, ზედაპირული და საფუძველს მოკლებულია.

„სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება იქნება ეს თუ კონკრეტული გეგმა, არის საფუძველს მოკლებული და არ არის გამყარებული არანაირი გათვლით, არანაირი გეგმით. მათ უკან არ დგას რაიმე კონკრეტული პროგრამა. ეს არ არის ნამუშევარზე დაფუძნებით, არამედ, სამწუხაროდ, ზედაპირული დაპირებებია. ხოლო ჩვენს შემთხვევაში, თითოეული რიცხვი, რომელიც წარმოდგენილია საარჩევნო პროგრამაში, არის ძალიან კონკრეტული გეგმის შედეგი და მასზე დაფუძნებული. ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ძალიან რეალისტურ გეგმას, რომელიც ამავე დროს ამბიციურია, მაგრამ შესრულებადი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო იქნება“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.