ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების დაღმავალი ტრენდი აღმავალით შევცვალეთ
ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების დაღმავალი ტრენდი აღმავალით შევცვალეთ

სოფლის მეურნეობის განვითარების დაღმავალი ტრენდი აღმავალით შევცვალეთ. სოფლის მეურნეობა, რომლის წილიც მთლიან შიდა პროდუქტში 2004-2012 წლებში ყოველწლიურად მცირდებოდა, 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ზრდით შეიცვალა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი სამჯერ შემცირდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში განიხილეს, რომელიც მინისტრმა საზოგადოებას დღეს წარუდგინა.

გადაცემის მსვლელობისას გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ დირექტორმა, მიხეილ ჭკუასლემა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში 2012 წლიდან მოყოლებული უპრეცედენტოდ მაღალი მოცულობის – 2 მილიარდი ლარის ინვესტიციები განახორციელა, თუმცა ამ დარგის წარმადობა ინდუსტრიის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე დაბალია. შესაბამისად, ჭკუასელი დაინტერესდა, რა ეფექტი მოიტანა ინვესტიციებმა.

მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ ინვესტიციების დამსახურებით სოფლის მეურნეობის წარმოება გაიზარდა და ზოგადად დარგის განვითარების დაღმავალი ტრენდი 2012-2019 წლებში სტაბილურად აღმავალი დინამიკით შეიცვალა.

„ცალსახაა, რომ წარმოება იზრდება, როდესაც (სავაჭრო) ბალანსი ასე იცვლება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი სამჯერ შემცირდა (900 მილიონი აშშ დოლარიდან 350 მილიონამდე ჩამოვიდა), რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში წარმოება გაიზარდა იმ დაშვებით, რომ მოხმარება გაიზარდა. ამას საქსტატიც ცხადყოფს. ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოსახლეობის მოხმარება მნიშვნელოვან, უფრო მეტი ღირებულების მქონე სასურსათო პროდუქტებზე. ასევე ჩვენ გვაქვს მზარდი ტურიზმი. სარეკორდო მაჩვენებლებზე გავედით, 9 მილიონი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ მოხმარებაზე, მათ შორის სასურსათო პროდუქციის მოხმარებაზე, წნეხია. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ქვეყანაში წარმოება გაიზარდა. თუმცა საუბარია იმაზე, რომ რიცხვები მათ შორის მთლიან შიდა პროდუქციასთან (მშპ) მიმართებით შეიძლება შთამბეჭდავი არ იყოს და თქვენც აღნიშნეთ, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის. მაგრამ რომ არა ეს ინვესტიციები, 2004 წლიდან 2012 წლამდე ყოველწლიურად როგორც რეალურ, ისე მიმდინარე ფასებში მშპ-ს შემცირება გვქონდა. ანუ სოფლის მეურნეობა დაღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა, მაშინ როცა ჩვენ ეს ტრენდი შევცვალეთ. ფაქტობრივად, ტენდენცია 2012 წლიდან 2019 წლამდე არის მზარდი, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ მზარდი. ზუსტად ეს განხორციელებული ინვესტიციებია შემაკავებელი ფაქტორი, რომ კლება შემცირებულიყო და ზრდისკენ შეგვებრუნებინა, სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესი გაჩენილიყო, უფრო პოპულარული გამხდარიყო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ერთ დასაქმებულზე პროდუქტიულობის ზრდაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და შედეგი რაც გვაქვს, ერთ დასაქმებულზე პროდუქტიულობა გაიზარდა. საქმე ისაა, რომ 2000 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების რიცხვი გვიმცირდება და როცა ჩვენ ეკონომიკის ზრდა გვიხარია, რომელიც ხუთი პროცენტი და ზოგჯერ მეტიც არის, მისი წყარო ზუსტად სოფლის მეურნოებაში ყოფილი დასაქმებულები არიან. სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ეს ადამიანები გადადიან უფრო მაღალი პროდუქტიულობის, უფრო მაღალი შემოსავლის მომტან სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა მომსახურება, მრეწველობა და ა.შ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს დასაქმებულები დიდწილად არიან თვითდასაქმებულები, რეალურად დასაქმებულები არ არიან და ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანი ისეთივე კეთილდღეობას იღებდეს, როგორც სხვა დარგებში. ამიტომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს პროდუქტიული, მეტი შემოსავლის მომტანი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი სოფლის მეურნეობა ასეთი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დისკუსიის დროს გადაცემის წამყვანმა მინისტრს შეახსენა, რომ რეგიონებში ბიზნესი სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად წამოწყებული პროექტების თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის და თავს პროცესში ჩართულად ვერ გრძნობს. დავითაშვილმა კომუნიკაციის პრობლემას ყველაზე დიდი გამოწვევა უწოდა და განმარტა, რომ მთავრობა ამ საკითხის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობს.

„კომუნიკაციის მომენტი უნდა გამოსწორდეს და ჩვენ პროექტებს მეტი ხილვადობა უნდა ჰქონდეს მათ შორის რეგიონებში თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი გამოწვევა და ამაზე მუშაობა მიდის. პრემიერის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენი სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რომ გამოვიყენოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს ქვეშ. ეს არის საზოგადოებრივი სახლები, რომლებიც ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელშია და ზუსტად ის სახელმწიფო სერვისები, რომელსაც ჩვენი თუ ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობას სთავაზობს, ხელმისაწვდომი იყოს სოფლიდან გაუსვლელად ისე, რომ ადამიანმა არ ეძებოს და მარტივად მისაწვდომი იყოს“, – განუცხადა ლევან დავითაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.