ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის 8-9 პროცენტიანი წილი არ გაიზრდება, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პირველადი წარმოების ასეთი მაღალი წილი არ არის
სოფლის მეურნეობის არსებული წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ გაიზრდება, რადგან არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პირველადი წარმოების წილი მაღალი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინსტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სოფლის მეურნეობის როლო ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ შექმნილი ნედლეული ეკონომიკის სხვა სექტორების ზრდას უწყობს ხელს.
გადაცემაში აგრარული სექტორის გამოწვევები განიხილეს. გადაცემის წამყვანმა მინისტრს „საერთაშორიოს გამჭვირვალება – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2014-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩადებულია მილიარდ ლარზე მეტი. თუმცა, 2018 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ფაქტობრივად არ განსხვავდება 2013 წლის იმავე მაჩვენებლისგან, რაც 8 პროცენტს შეადგენს. იმავე სტატისტიკით 2017 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო 737 ათასი ადამიანი, რაც ქვეყანის მასშტაბით დასაქმებულთა დაახლოებით 43 პროცენტს შეადგენს. ამ ადამიანების საშუალო თვიური პროდუქტიულობა მხოლოდ 344 ლარია, რაც 10-ჯერ ჩამორჩება სხვა სექტორში დასაქმებულების მაჩვენებლს. აღნიშნულ მონაცმებზე დაყრდნობით, წამყვანი დაინტერესდა, რას აპირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდის მიმართულებით.
დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ხშირად, ციფრებით მანიპულირება ხდება და აუცილებელია სწორი ანალიზი. მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების გადინება ეკონომიკის სხვა სექტორებში იმ დარგების ზრდას იწვევს.
„ხშირად არის საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, განვითარების პოლიტიკაზე, ხშირად ხდება მათ შორის ოპონენტების მხრიდანაც რიცხვებით მანიპულირება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა გავითავლისწინოთ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 42 პროცენტზე ოდნავ მეტი და მოსახლეობის ამ ნაწილის გადასვლა სხვადასხვა სექტორში ეს არის ძირითადი ეკონომიკური ზრდის მთავარი წყარო. ბოლო წლებში სტაბილურად გვაქვს 4-5 პროცენტიანი ზრდა, თუმცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების რიცხვი იკლებს. ზუსტად ის რაოდენობა, რაც სოფლის მეურნეობიდან გადადის სხვა სექტორებში, არის იმ ზრდის წყარო, რაც სხვა სექტორებში გვაქვს. ეს მნიშვნელოვანი მონენტია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობა მართლაც საკამოდ დაბალია და სიღარიბე გარკვეულწილად მართლაც უკავშირდება ამ ფაქტს. თუმცა მისი აზრით, გასათვალისწინებელია რა იყო, რა გვაქვს და რა გვექნება სოფლად კეთილდღეობის ზრდის კუთხით. დავითაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა სწორია, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში თანხვედრაშია განვითარებულ ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკასთან.
„რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წილს მშპ-ში, ეკონომიკის სხვა სექტორები ბუნებრივია, სწრაფად გაიზრდება და უნდა გაიზარდოს. სოფლის მეურნეობის წილი, 8-9 პროცენტი არ გაიზრდება და არ უნდა გაიზარდოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, საქართველოში ანომალური მდგომარეობა იქნება. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პირველადი წარმოების წილი ასეთი მაღალი არ არის. თუმცა სოფლის მეურნეობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარებაში, რადგან სოფლის მეურნეობაში შექმნილი ნედლეული არის მრეწველობის განვითარების წყარო, მათ შორის გადამამუშავებელი მრეწველობის, რომლის წილიც მზარდია“, – განმარტა ლევან დავითაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“.