ლევან დავითაშვილი - სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობა მაშინ გაგრძელდება, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება
გვექნება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით იმისთვის, რომ თუ რაიმე კითხვები კიდევ არსებობს, მათ მიიღონ პასუხები – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, წელიწადზე მეტია მოსახლეობასთან საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სამინისტროს ექსპერტების ჩართულობით, რათა მათ მიეღოთ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. თუმცა მინისტრის თქმით, გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ძალის მიერ მოსახლეობა მიზანმიმართულად იყო არასწორად ინფორმირებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ხეობაში რამდენიმე ნებართვაა გაცემული მშენებლობაზე, თუმცა სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია და მაშინ განახლდება, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა იქნება ამ ჰესის აშენების მხარდამჭერი.
„წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსახლეობასთან შეხვედრები. შეხვედრებს ესწრებოდა ჩემი მოადგილე, სამინისტროს მაღალი დონის პროფესიონალები და ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ პროცესში, რომ მოსახლეობისთვის განმარტებული ყოფილიყო იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებზეც საუბრობდნენ. გარემოს დაცვით ნებართვაში, თქვენ თუ წაიკითხეთ, არის მთელი რიგი მოთხოვნები სამინისტროს მხრიდან ჰესთან დაკავშირებით, რომელიც აზღვევს ზუსტად იმ საკითხებს, რაზეც მოსახლეობა ღელავდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი ძალის მხრიდან იყო მოსახლეობის მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირება და მცდელობა იმისა, რომ ხეობაში შექმნილიყო დაძაბულობა. ჩვენ ეს ვიხილეთ კიდეც. საბედნიეროდ, იქ ხეობის უხუცეს მოსახლეობას ჰქონდა ძალიან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და საღი აზრი, რომ განმუხტულიყო პროცესი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხეობაში არსებობს რამდენიმე ნებართვა და იმ მიმართულებით, სადაც არ იყო კითხვები, გაგრძელდება მუშაობა.
„თუმცა, კონკრეტულად იმ ჰესზე, რომელიც სოფელ ბირკიანში შენდებოდა, ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება საუბარი მოსახლეობასთან. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ და გუშინაც გავიმეორე, რომ სამინისტროს კარი ღიაა. კაბინეტში, პროფესიონალებთან ერთად გვექნება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით იმისათვის, რომ თუ რაიმე კითხვები კიდევ არსებობს, მოსახლეობამ მიიღოს პასუხები. თუ მოსახლეობის უმრავლესობა იქნება მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში გაგრძელდება ეს პროექტი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.