ლევან დავითაშვილი - სოციალურად დაუცველები, რომლებიც დასაქმდებიან, გარანტირებულად შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, აღარ აქვთ რისკი, დამალონ თავიანთი სამუშაო, ან უარი თქვან სამუშაოს შეთავაზებაზე
ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ნებისმიერი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს იმას, რასაც თავისი ამომრჩეველი, მოსახლეობა უკვეთავს, ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა კი ზუსტად ის არის, რომ ამ ქვეყანაში კეთილდღეობა გავზარდოთ და მოვაგვაროთ ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ხელისუფლებას ამ გზაზე სოციალური პოლიტიკის დაბალანსება მოუწევს.
„გვესმის, რომ ამ გზაზე სოციალური პოლიტიკის დაბალანსება მოგვიწევს. მათ შორის, ისეთი ინტერვენციების გაკეთება, როგორი ინიციატივაც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა. ეს არის სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და გარკვეული პროექტები, რომელიც სოციალურ ფონს გააუმჯობესებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სახელმწიფო საზოგადოებრივ სამუშაოებს შესთავაზებს.
„ეს არის პრაქტიკა, რომელიც ათწლეულებია, წარმატებით არსებობს ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, დავასაქმებთ სხვადასხვა საჭიროებისამებრ, საზოგადოებრივ საქმეებში. ჩვენ ამის მობილიზება დავიწყეთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია 200 000 პოტენციური მუშახელის დასაქმება, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ამოცანა არის არა მხოლოდ ის, რომ კონკრეტული სამუშაოები შესრულდეს, რაც ქვეყანას სჭირდება და ღირებულია, არამედ მთავარი ამოცანაა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმების გზით და ეს ყველაფერი უკვე კარგად არის გაანალიზებული.
„კერძოდ, ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოს შემოთავაზება, მაგრამ არ არის სავალდებულო, ეს შემოთავაზება მიიღონ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ, ისინი მნიშვნელოვნად იუმჯობესებენ თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას. თითოეული ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის კუთხით სახელმწიფოს შეთავაზებას დათანხმდება, ყოველთვიურად, დანამატის სახით მიიღებს 300 ლარს, მიიღებს ეკიპირებას. აქ იქნება კვალიფიკაციის ამაღლება, გარკვეული უნარების გაჩენა და ვფიქრობ, ეს იქნება კარგი შანსი, რომ ამ ადამიანებმა შეიძინონ ისეთი უნარები, რომელიც მომავალში, სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში გამოადგებათ. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ამ ადამიანებს ვერ შესთავაზებს სამუშაო ადგილებს, მზად ვართ, სახელმწიფომ შეავსოს ეს სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც დასაქმდებიან, ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
„შესაბამისად, მათ დღეს აღარ აქვთ რისკი, რომ ან დამალონ თავიანთი სამუშაო, ან უარი თქვან სამუშაოს შეთავაზებაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა პირველი მარტიდან დაიწყება.