ლევან დავითაშვილი - სისტემური რეგისტრაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რათა არ გვქონდეს დაურეგისტრირებელი მიწები და განვითარდეს სოფლის მეურნეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დღეს მთავრობამ დაამტკიცა, ბევრი პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.
დავითაშვილის თქმით, რეფორმის მეშვეობით, საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწები აღარ უნდა არსებობდეს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასაწყისი, რომელიც საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მიწის რეგისტრაციის დასრულებას უნდა ისახავდეს მიზნად. ეს არის პრობლემა, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღების პერიოდიდან უდგას. ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიწის ბაზრის განვითარება ძირითადი საფუძველია სოფლის მეურნეობის განვითარების. სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ ბევრ პროგრამას ვახორციელებთ. ყველა პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა იმისთვის, რომ ამა თუ იმ აპლიკანტმა, განმცხადებელმა თუ პოტენციურმა ბენეფიციარმა პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე დაგვხვდა ამ მიმართულებით, 90-ანი წლებიდან მოყოლებული, რამდენჯერმე ჩატარდა მიწის პრივატიზება, მიწის რეფორმა და რეგისტრაცია, თუმცა ერთი რეგისტრირებული ფენა ჩვენ ვერ შევძელით, ვერ მივიღეთ მრავალი წლის განმავლობაში, რადგან აღნიშნული საკითხი თავის თავში ძალიან ბევრ სირთულეს მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით წლებია, მათ შორის ჩვენი გუნდი მუშაობდა და საბოლოოდ, ის პაკეტი, რომელიც დღეს არის პარლამენტისთვის წარმოდგენილი, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2020 წლიდან დაიწყებს.
„ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ არ გვქონდეს დაურეგისტრირებელი მიწები, რაც თავის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველია“,- დასძინა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მიწის რეგისტრაციას კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის პირველ იანვარს კარგავდა ძალას, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.
ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.