ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის განავითარებისა და მართვის თანამონაწილე იქნება სახელმწიფო კომპანია
შევქმენით სახელმწიფო კომპანია, ის იქნება თანამონაწილე იმ ერთობლივი საწარმოსი, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისვე თქმით, რამდენიმე დღეში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს შეუდგება.
„კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უკვე სამშენებლო სამუშაოების მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოოდ იქნება თანამონაწილე იმ ერთობლივი საწარმოსი, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს. ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ის საჭირო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის განვითარებისთვის. გასულ წელს დაიწყო მუშაობა სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მომზადებაზე. ეს პროცესი გაგრძელდა ეფექტურად. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ დავასრულეთ განაცხადების მიღება. სამი განაცხადია მიღებული, ახლა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები, ეს არის ბელგიური კომპანია, სწავლობენ სამშენებლო ტენდერის განაცხადებს. ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია, აქაც რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც მყისიერად შეუდგება სამშენებლო სამუშაოებს. პირველად, რა თქმა უნდა, საჭიროა სამობილიზაციო სამუშაოები, ვინაიდან ეს არის საკმაოდ მსხვილი საჯარო საზღვაო ინფრასტრუქტურა და შემდგომში დაიწყება უკვე როგორც ტალღამტეხის მშენებლობა, ისე გაღრმავების პროცესი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.