ლევან დავითაშვილი - შეიქმნა სპეციალური საბითუმო-სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შეეძლებათ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი პროდუქტი
ლევან დავითაშვილი - შეიქმნა სპეციალური საბითუმო-სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შეეძლებათ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი პროდუქტი

მინდა, თითოეულ მოქალაქეს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდო, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს, რადგან ეს არის გადაუდებელი საჭიროებით განპირობებული, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მან მალფუჭებადი სურსათის ბაზრისთვის დროულ მიწოდებასა და ამ მიზნით შექმნილი ახალი სავაჭრო პლატფორმის – „ჯიბე“ შესახებ ისაუბრა.

„გვესმის, რამდენად რთულ ვითარებაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ფერმერების საქმიანობას და განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის დროულად მიწოდებას ბაზარზე. გადაწყვეტილებები, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა იღებს, არის აუცილებელი და აუცილებელია იმის გამო, რომ ქვეყანაში უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომაროება გვქონდეს, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე.

იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასურსათო ჯაჭვი იყოს უწყვეტი და მოსახლეობის სურსათით მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, გარდა ფერმერების ინტერესების დაცვისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზრუნავს პროცესის კოორდინაციაზე, მათ შორის მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში გამყიდველებს, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კომუნიკაციის დამყარების მიმართულებით.

„ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, არის სპეციალური საბითუმო-სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც სპეციალურად საგანგებო პირობების შემთხვევაში განისაზღვრა ვაჭრობის ახალი პლატფორმა, სადაც ფერმერებს შეეძლებათ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი პროდუქტი. ფაქტობრივად, თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი, ორგანიზებული სავაჭრო პლატფორმა, რათა სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება. როცა ვსაუბრობთ აგრარულ ბაზრებზე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ ხშირ შემთხვევაში საუბარი გვქონდა ნაკლებად მოწესრიგებულ სავაჭრო სივრცეებთან, სადაც დაავადების გავრცელების რისკი იყო შედარებით მაღალი, ვიდრე ორგანიზებულ, მოწესრიგებულ სავაჭრო ობიექტებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად გადაწყდა, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დროებით გაჩერდეს, მოხდეს სწრაფი დეზინფექცია, ასეთი სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება სტანდარტების დაცვით განახლდეს.