ლევან დავითაშვილი სერგო რატიანს პასუხობს - ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი
ლევან დავითაშვილი სერგო რატიანს პასუხობს - ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი

ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუის გავრცელებაში ყოვლად აღმაშფოთებელია, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებას პასუხობს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი და სამინისტროს პოზიცია, RMG -სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ, მკაცრი და პრინციპულია.

„ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუეში არის აღმაშფოთებელი. კონკრეტულად ერთ-ერთ საბადოზე, რომელზეც დღეს დეპუტატი სერგო რატიანი საუბრობდა, კერძოდ ბნელი ხევის ტერიტორიაზე, უნდა აღინიშნოს, რომ სამთომოპოვების ლიცენზია გაცემულია მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – 2011 წელს. რომლის თანახმად, კომპანიას კანონმდებლობის დაცვით შეუძლია აწარმოოს საქმიანობა. აქვე განვმარტავ, რომ საქმიანობის წარმოება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი კანონით გათვალისწინებულ პირობებს დააკმაყოფილებს.

კომპანიამ უნდა მოიპოვოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ასევე, უნდა მოხდეს შეფასება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ RMG-სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ გვქონდა და გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია. ამ დროს კი სპეკულირება, თითქოს ჩვენ ვართ არაპრინციპულები, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.