ლევან დავითაშვილი საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცის გახსნას დაესწრო
მეზღვაურთა დღის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცე გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა.
საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორი სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას მისცემს. სიმულატორის მწარმოებელია კომპანია Wartsila, რომელიც მსოფლიო ლიდერია საზღვაო ტექნოლოგიებსა და საზღვაო სფეროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.
მეზღვაურის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმის საზღვაო აკადემიის ეზოში სტუდენტების მონაწილეობით დღეს სხვადასხვა საზეიმო აქტივობაც გაიმართება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.