ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელ რეგიონში, ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით
ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელ რეგიონში, ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი შეაფასა, რომელმაც, მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ავტორიტეტული და უპირობოდ წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის ანალიტიკა და შეფასებები მნიშვნელოვანი საფუძველია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ამ შემთხვევაში სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელ რეგიონში, ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით. საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2029 წლამდე. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 5.6 პროცენტით გაიზარდება“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამავე დროს, როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მსგავსი პროგნოზები ყოველთვის უფრო კონსერვატიულია, ქვეყნის რეალური შედეგები კი ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ პროგნოზებზე უკეთესია.

„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ ნომინალურად, არამედ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებითაც და რეალურ გამოხატულებაში. აქაც, სავალუტო ფონდის შეფასებით, 2029 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით – PPP მაჩვენებლით 38,000 საერთაშორისო დოლარს გადასცდება, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 52%-ს აჭარბებს. აღნიშნული პროგნოზები დამაიმედებელია და ეკონომიკის კუთხით უწყვეტ პროგრესზე მიუთითებს, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვაღწევთ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.