ლევან დავითაშვილი - საქართველოში რეგისტრირებული დაახლოებით 80 აგრარული ბაზრიდან, უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი იმუშავებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ 27 აპრილიდან ქალაქებს შიგნით და ასევე რეგიონულ ცენტრებს შორის გადაადგილება დაშვებულია.
დავითაშვილის თქმით, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია მობილობა, რათა მათ წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზება შეფერხებების გარეშე შეძლონ.
„დღეს, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაშვებულია მობილობა მსხვილ ქალაქებში ქალაქებს შიგნით და ასევე რეგიონულ ცენტრებს შორის გადაადგილება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი იყო მობილობა, რათა მათ მოახდინონ წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზება შეფერხებების გარეშე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა აგრარული ბაზრების მუშაობის საკითხზეც ისაუბრა.
დავითაშვილის თქმით, არსებობს წინაპირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს.
„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთესად გასაკონტროლებლად საჭირო იყო, ეს შეზღუდვები რამდენიმე დღე ყოფილიყო ძალაში. ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ ეტაპობრივად შეგვეძლო მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებისთვის შეგვეწყო ხელი. აქ ყველასთვის ერთი მომენტია გასათვალისწინებელი – ჩვენ განვაცხადეთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან ერთად მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას, მეორე მხრივ – ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები, რომლებიც დეტალურად იყო ამ გაიდლაინებში გაწერილი. ეს არის პირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, იქნება ეს საბითუმო, თუ საცალო, უნდა დააკმაყოფილოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული.
„თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა.
შესაბამისად, ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია ამ გაიდლაინებში. ეს ეხება როგორც მოკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლისა და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობს, სადეზინფექციო სამუშაოების სწრორად ჩატარებას, თერმოსკრინინგს, პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა იმ მოთხოვნებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არის გაწერილი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.