ლევან დავითაშვილი - საქართველოში დღეს პურის ფასის ზრდის წინაპირობა არ არსებობს
წინაპირობები იმისა, რომ საქართველოში პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა პურის საცალო ფასის სტაბილურობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხებზე საწარმოებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შეზღუდვების პირობებში. ამიტომ, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურად საწარმოებთან, რათა პურის ფასი შევინარჩუნოთ. მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას, ეს შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მან განმარტა, რომ პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავდა.
„ერთი – დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას განსაკუთრებით ზოგიერთ აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს უპირველესად სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიას – ხორბალს ეხება, ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქმნება იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისათვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და მიიღონ სუბსიდირება. სუბსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში, იყოს დაფიქსირებული. აქ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად, ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს“, – განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს.
„კომპანიებმა, რომლებიც გზას აწვდიან ჩვენს პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება და 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მონაწილეობს პურის თვითღირებულებაში. შესაბამისად, წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს და ეს არის ის ქმედითი მექანიზმები, რომლითაც ჩვენ ფასის კონტროლს შევძლებთ და არა კონკრეტული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ასევე პურის მწარმოებელთა კავშირს და თითოეულ მეწარმეს.
„მადლობა უნდა გადავუხადო თვითონ პურის მწარმოებელთა კავშირს და თითოეულ მეწარმეს, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და იმ პერიოდში, როდესაც იყო წინაპირობები, იყო რყევები და პურის ფასი არ შეცვალეს, შევინარჩუნეთ ფასი, ხოლო ახლა უკვე ამოქმედდა სტაბილური მექანიზმები, რომლებიც განსაკუთრებულ წინაპირობებს ქმნის, რომ პურის ფასი ქვეყანაში სტაბილური იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.