ლევან დავითაშვილი - საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები, სანქციებთან დაკავშირებით დავეყრდნოთ ოფიციალურ კომუნიკაციას, საქართველომ დაიმსახურა მადლობა
ლევან დავითაშვილი - საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები, სანქციებთან დაკავშირებით დავეყრდნოთ ოფიციალურ კომუნიკაციას, საქართველომ დაიმსახურა მადლობა

უნდა დავეყრდნოთ ოფიციალური პირების ოფიციალურ განცხადებებს. ხელისუფლებამ აჩვენა, საქართველო რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით, დაიმსახურა მადლობა, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ მყარი მტკიცებულებები აქვს, რომ ხდება სანქციების გვერდის ავლა, ყოველ შემთხვევაში, გზის გახსნა რუსეთისთვის. მათ შორის, დააანონსა, რომ შეიძლება გამოქვეყნდეს ცნობილი ადამიანების გვარებიც. მუდამ ამბობთ, რომ სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, მაშინ სანქციების ჯგუფის კოორდინატორისგან რატომ ვისმენთ ამ ტიპის განცხადებას?“

ლევან დავითაშვილის თქმით, ამ თემით სპეკულირება უპასუხისმგებლობაა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება კონკრეტულ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს.

„თქვენ მოისმინეთ აშშ-ის, ბრიტანეთის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასება, საქართველოს ხელისუფლების მიერ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთა და შესრულება. ეს არის უმაღლესი წარმომადგენლების მკაფიო პოზიცია. ეს ერთი; მეორე – ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ოფიციალური პირების ოფიციალურ განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, საქართველო რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით, დაიმსახურა მადლობა, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ. ვფიქრობ, ამ თემით სპეკულირება, უბრალოდ, უპასუხისმგებლობაა. ხშირ შემთხვევაში, ვხედავთ პროცესებს, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სამწუხაროა, მაგრამ ეს ასე უნდა ითქვას, ისევ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები ახერხებენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორი ადამიანები, უცხოელები და ა.შ. თუმცა, მოდით, ჩვენ დავეყრდნოთ ოფიციალურ კომუნიკაციას, ოფიციალურ ინფორმაციას, და საქართველომ დაიმსახურა მადლობა. საქართველომ რომ არ მოინდომოს და საქართველოში არ არსებობდეს ის სისტემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოს ტერიტორიები გამოყენებული ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლის კუთხით და ეს პასუხისმგებლობა არ იქნებოდა საქართველოსი, მკაფიოდ მინდა გითხრათ.

ჩვენ არ მიგვიღია არცერთი ფაქტი სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით, პირიქით, მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ეს კარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გახსნილია სანქციების შემოღების პირველი დღიდან და ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ამ განცხადებების ავტორებმა უნდა განმარტონ, ასევე, ნებისმიერი ასეთი განცხადება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გავიგოთ და ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი. დანარჩენი, გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები და შეფასებები ყველა მხარის მიერ, რომელმაც სანქციები შემოიღო და რომლის შესრულებაშიც საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი, ეხმარება – ეს არის ევროკავშირი, ბრიტანეთი და აშშ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.