ლევან დავითაშვილი - საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6 პროცენტით მეტი ტვირთი გადაზიდეს
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) საერთაშორისო გადაზიდვებით 12.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 16.5%-ით მეტია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ტენდენცია ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ საერთაშორისო გადამზიდველების ინტერესი მზარდია.
„საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას. საქართველოზე გადის უმოკლესი სახმელეთო გზა ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ დერეფანში მეტი გადამზიდველის შემოყვანას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.2% -ით მეტია, რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.1%-ით მეტია.
„საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9%-ით მეტია. მათ შორის, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. ასევე მზარდია მგზართნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) 122.3 მლნ. მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.0%-ით მეტია. ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებით 20,7 პროცენტით მგზავრმა ისარგებლა, რკინიგზით – 152 პროცენტით მეტმა, ხოლო სამოქალაქო ავიაციით – 188.9 პროცენტით მეტმა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.