ლევან დავითაშვილი - საქართველოს რუსეთთან არ აქვს არც საჰაერო და არც სახმელეთო მიმოსვლა, როდესაც დაკეტილია მთლიანად ევროპის მიმართულებები, შეიძლება, საქართველოს გავლით ფრენა ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნებისთვის იყოს რუსეთთან კავშირის ერთადერთი გზა
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველო საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით სიტუაციას აკვირდება.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს რუსეთთან არც სახმელეთო და არც საჰაერო მიმოსვლა არ გააჩნია.
„იცით, რომ საქართველოს არ აქვს ავიამიმოსვლა, მათ შორის არც სახმელეთო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ საქართველოს გავლით ტრანზიტზე და როდესაც დაკეტილია მთლიანად ევროპის მიმართულებები, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის ასევე მეგობარი ქვეყნებისთვის, შეიძლება საქართველოს გავლით ფრენა იყოს ერთადერთი გზა რუსეთთან კავშირის, ჰუმანიტარულ ნაწილში ვამბობ, ეკონომიკა რომ გადავდოთ. იგივე მოსახლეობის კუთხით, მათ შორის იმ მოსახლეობის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მილიონამდე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში იყენებს ერთადერთ სატრანზიტო გზას საქართველოში შემოღწევისთვის, რადგან პირდაპირი კავშირი არ გვაქვს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უფრო შედარებით ფრთხილი ვართ. ამ საკითხზე, მათ შორის ჩვენი რეგიონის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.