ლევან დავითაშვილი - საქართველოს, მის პრემიერ-მინისტრს რეალურად შეუძლია მშვიდობის დამყარების კუთხით დიდი როლის შესრულება
ლევან დავითაშვილი - საქართველოს, მის პრემიერ-მინისტრს რეალურად შეუძლია მშვიდობის დამყარების კუთხით დიდი როლის შესრულება

საქართველოს რეალურად შეუძლია ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება და მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლი გააჩნია საქართველოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ისაუბრა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნესწრეების წარმომადგენლების გარდა, საქართველოს დელეგაცია წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა.

„დავოსის ფორუმის ძალიან სერიოზულ ნაწილს პოლიტიკური შეხვედრები წარმოადგენს და აქაც, ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდი იყო საქართველოს მიმართ დაინტერესება და ეს ყველა მონაწილემ აღნიშნა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია კოლეგებთან, რეგიონის ლიდერებთან, პრეზიდენტ ალიევთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.