ლევან დავითაშვილი - საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რათა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს
ლევან დავითაშვილი - საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რათა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს

ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ გადის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვანწილად ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოება განაპირობებს ასევე ფიზიკურ უსაფრთხოებასაც, სწორედ ამიტომ ენერგეტიკის და არა მხოლოდ ენერგეტიკული რესურსების ალტენრატიულ მარშრუტებს ზოგადად მოწოდების დივერსიფიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითასვილმა განაცხადა. დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო globsec-ის ფორუმის იმ პანელზე, რომელიც ეხებოდა ევროპის ენერგეტიკას, ასევე რუსულ ბაზარს.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, ეს არის მაღალი ინფლაცია, დამოკიდებულება ენერგორესურსებზე, ამა თუ იმ წყაროებზე, მათ შორის სასურსათო პროდუქტების სავარაუდო დეფიციტი. მინისტრის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რათა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„მე შევეხე ასევე საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობასაც ევროკავშირში, რადგან საქართველო დღეს ევროკავშირს იმდენადვე უნდა სჭირდებოდეს, რამდენადაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ევროკავშირი. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა იყოს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ჩვენი საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებაში და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში. ვფიქრობ, რომ ეს გააზრებული აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკომისიას. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის, რომ ეს იყოს საიმედო წყარო ალტერნატიული სატრანსპორტო ნაკადების და საქართველომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია. ასევე შევიტანოთ ჩვენი წვლილი ზოგადად ევროპის ენერგოდამოუკიდებლობაში და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა.

ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღეს დასაჩქარებელია ე.წ. ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციიის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა და ამ კუთხით საქართველოს პოტენციალი ყველა მხრივ აღინიშნება. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების და თქვენ იცით, რამდენად პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.