ლევან დავითაშვილი - საქართველოს ფინანსური სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, „შავი ფული“ და რაიმე ტიპის რისკები გამორიცხულია
საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც საქართველოში არაკანონიერი შემოსავლების ბრუნვის პრევენციას აკეთებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ე.წ. შავ ფულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის ფულადი ნაკადების მიმოცვლასთან დაკავშირებით არსებობს მონიტორინგის სისტემა, რასაც მკაფიო ზედამხედველობას უწევენ ეროვნული ბანკი და შესაბამისი სტრუქტურები.
„შავ ფულს“ რაც შეეხება, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და თუ ოდნავ მაინც არის ჩახედული ადამიანი საკითხში, ძალიან მკაფიოდ შეუძლია ინფორმაციის მიღება, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა დღეს მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველო არის ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, სადაც გამორიცხულია რაიმე ტიპის ტრანზაქცია და რისკები. საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც საქართველოში არაკანონიერი შემოსავლების ბრუნვის პრევენციას აკეთებს. არსებობს რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის და მონიტორინგის სისტემა, მათ შორის ფულადი ნაკადების მიმოცვლასთან დაკავშირებით, რასაც მკაფიო ზედამხედველობას უწევენ ეროვნული ბანკი და შესაბამისი სტრუქტურები.
საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანია და მეტსაც ვიტყვი, ერთ-ერთი მოწინავეა ტრანსფარენტულობისა და გამჭვირვალობის კუთხით, რადგან დანერგილია ყველა ის ძირითადი მაკონტროლებელი ინსტრუმენტი, რაც ბანკებს უნდა ჰქონდეთ. ამავდროულად, საქართველოს საბანკო სისტემა, არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს, დიდ ბანკებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, აქვთ დამატებითი ინსტრუმენტები, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ინვესტორებთან. შესაბამისად, ჩვენთან, საქართველოში ეს გამორიცხულია. ამის მუდმივი შეფასება ხდება საერთაშორისო დონეზე. ამ კუთხით საქართველო არის სანდო და არასოდეს ყოფილა შენიშვნა, როდესაც ძალიან ბევრი, მათ შორის განვითარებული ქვეყანა, ევროპის წევრი ქვეყანაც კი, ხშირ შემთხვევაში, შეფასებების დროს შენიშვნებს იმსახურებს ხოლმე“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.