ლევან დავითაშვილი - საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, დასავლეთთან პარტნიორობა ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც ყოველთვის, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის, აშშ-თან თანამშრომლობას
საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, ეს არის ძალიან ცალსახა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.
„შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ალბათ უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი, იმას, რომ ჩვენ აშშ-თან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამის განწყობას გიფიქსირებთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.